საერთაშორისო ოლიმპიადა (IMPACT) მათემატიკაში

ყაზახეთის რესპუბლიკაში ქალაქ ალმატიში 7-14 იანვარს ჩატარებულ ჟაუტიკოვის XX საერთაშორისო ოლიმპიადაზე წინა პოსტში უკვე გიამბეთ. ამჯერად, პარალელურ რეჟიმში იქვე ჩატარებულ IMPACT-2024 ოლიმპიადაზე გვსურს გავამახვილოთ ყურადღება. IMPACT ოლიმპიადები პედაგოგებს შორის 2019 წლიდან ტარდება ასევე სამ საგანში - ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში.

ოლიმპიადა ერთ ტურიანია, პედაგოგებს ეძლევათ 4-5 საათი იმისთვის, რომ ამოხსნან 7-8 ამოცანა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში. დავალება ორი ბლოკისგან შედგება - I ბლოკი უშუალოდ ამოსახსნელი ამოცანებია, ხოლო II ბლოკი შეიცავს პრეზენტაციას, სადაც პედაგოგს ევალება სრულად გაარკვიოს რომელიმე თემატური საკითხის პერიპეტიები, ან იპოვოს ყველა შეცდომა მოსწავლის პირობით ამოხსნაში და დაასრულოს ამოხსნა, ან მიიყვანოს რომელიმე ამოცანის ამოხსნის რამდენიმე განსხვავებული გზა და ა.შ.

შეიძლება ითქვას, რომ ოლიმპიადა მზარდ ინტერესს იწვევს პედაგოგთა შორის და ყოველწლიურად იზრდება მასში მონაწილეთა რიცხვი. მაგალითად, წელს მხოლოდ მათემატიკის მიმართულებით მონაწილე პედაგოგთა რიცხვმა 200-ს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

საინტერესოა, რომ რიგ ქვეყნებში ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება მაღალი კატეგორიის პედაგოგთათვის ვალდებულებასაც გულისხმობს, თუმცა ის ძირითადად ნებაყოფლობითია. საქართველოს წარმომადგენლობა IMPACT ოლიმპიადებში აღნიშნულ საგნებში მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს.

ამასთან, ყოველწლიურად ოლიმპიადებში მონაწილეთა შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე
https://impact.izho.kz/

მაგალითად, IMPACT-2023-ზე ჩვენი სკოლის პედაგოგებმა 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი აიღეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სკოლა გუნდურიდან II ადგილზე გასულიყო.

რაც შეეხება IMPACT-2024 რიგით მე-6 ოლიმპიადას, მასში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის 3-მა პედაგოგმა:

  • დავით ნიშნიანიძემ - ფიზიკის მენტორი,

  • ივანე გოქაძემ - მათემატიკის მენტორი,

  • გენადი მარგველაშვილმა - მათემატიკის მენტორი.

პედაგოგთა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ თითოეულმა წარმატებით გაართვა თავი ამოცანებს ისე, რომ დავით ნიშნიანიძემ აბსოლუტური I ადგილი და ოქროს მედალი აიღო ფიზიკაში.

აბსოლუტური I ადგილი, ოღონდ არა ყაზახ პედაგოგებს შორის და ოქროს მედალი აიღო ივანე გოქაძემ, რაც მისთვის მეორე ოქროს მედალია.

ასევე, მეორედ დაჯილდოვდა ოქროს მედლით სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილიც (ამასთან IMPACT-2023-ზე მას ჰქონდა აბსოლუტურად I ადგილი მათემატიკაში). ასე რომ, სკოლის პედაგოგებმა მაქსიმალურად წარმატებით იასპარეზეს, თუმცა გუნდურ ჩათვლაში ეს არ გახდა საკმარისი საპრიზო ადგილის დაკავებისთვის (სკოლას 1 ქულა დააკლდა ბრინჯაოს პრიზამდე) ძირითადად იმ მიზეზით, რომ გამარჯვებული სკოლებიდან მონაწილეთა რიცხვი იყო მნიშვნელოვნად დიდი.

გუნდური II ადგილი და ვერცხლის პრიზი დაიმსახურა ვლადიმერ კომაროვის თბილისის N199 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლამ (3 ოქრო, 2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო)

არ შეიძლება გამოვტოვოთ წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოს მათემატიკის პედაგოგი ჯაბა შელია, რომელიც აღნიშნულ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.

ვულოცავთ კოლეგებს წარმატებულ გამოსვლას და სამომავლოდ მეტ მოტივაციასა და მოსწავლეთა გამარჯვებას ვუსურვებთ.

აქვე გთავაზობთ წლევანდელი ამოცანების ლინკს და მოვუწოდებთ პედაგოგებს გამოცადონ საკუთარი თავი.
https://impact.izho.kz/zadachi/

კარგი იქნებოდა მსგავსი ინიციატივა ჩვენთანაც განხორციელებულიყო. რამდენადაც ვფლობთ ინფორმაციას, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზადაა ამ სახის ღონისძიების წარმართვისთვის, ოღონდ პირველ ეტაპზე ადგილობრივი მასშტაბით, რასაც მხოლოდ მივესალმებით.

მადლობა გვსურს გადავუხადოთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელთა ფინანსური და მორალური თანადგომის გარეშე ჩვენი მონაწილეობა არ შედგებოდა. ასევე განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს ბ-ნ იოსებ ხახალეიშვილს და მის გუნდს, რომლებსაც ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ჩვენი შარშანდელი წარმატება და წინასაახალწლოდ ფულადი ჯილდოებით წაახალისეს წარმატებული პედაგოგები.

ბოლოს გაცნობებთ, რომ ამ ოლიმპიადაში მონაწილეობა შესაძლებელი იყო Online ფორმატითაც კონფიდენციალობის, ხარისხისა და კოორდინაციის სრული გარანტიით.


Image 4
Image 4
Image 4
Image 4
Image 4
Image 4
Image 4
Image 4