სამეურვეო საბჭო
  1. სამეურვეო საბჭო არის სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო და შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისა და სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისგან, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისთვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (მათი არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

  2. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.

  3. სამეურვეო საბჭოს მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეული წევრების რაოდენობა 2023 წლისთვის სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლისთვის არის 6-6.

  4. სამინისტროს უფლება აქვს, სამეურვეო საბჭოში წარგზავნოს წარმომადგენელი, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს.

  5. სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გამოიწვიონ თავიანთი წარმომადგენლები სამეურვეო საბჭოდან.

  6. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. იგი წარმოადგენს სკოლას დირექტორთან ურთიერთობებში. საბჭოს თავმჯდომარე მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსგან არჩეული წევრებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისგან არაუმეტეს მათი უფლებამოსილების ვადისა. სამეურვეო საბჭოს წევრი - მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ.

  7. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს ან სამეურვეო საბჭოში სამინისტროს მიერ დანიშნულ წარმომადგენელს. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიოს სხდომის თავმჯდომარე, რომელიც ამ რიგგარეშე სხდომაზე ახორციელებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.

  8. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

  9. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში.





სამეურვეო საბჭოს ფუნქციები
  1. სამეურვეო საბჭო:

    • ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

    • ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას.

    • გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს.

    • დ) გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის, თაობაზე.

    • ე) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას.

    • ვ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს.

    • ზ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებსა და ოქმებს.

    • თ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს.

    • ი) უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს სკოლის დირექტორს, მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება.

    • კ) უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    • ლ) დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია დისციპლინურიკომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი. სააპელაციო კომიტეტი, სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის ან სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით.

    • მ) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს.

    • ნ) სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

  2. სამეურვეო საბჭო ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას - სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.





სამეურვეო საბჭოს არჩევის წესი
  1. სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით აირჩევიან მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენლები, აგრეთვე საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი.

  2. სამეურვეო საბჭოს არჩევის წესს ადგენს სამინისტრო. სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და საფეხურების მიხედვით მოსწავლეთა მშობლების თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.

  3. სამინისტრო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებული სამინისტროს გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.

  4. სამეურვეო საბჭოს არჩევნების შედეგები ძალაში შედის მათი სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად რეგისტრაციის მომენტიდან.





სამეურვეო საბჭოს წევრისა და სამეურვეო საბჭოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა


  1. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:

    • ა) სამეურვეო საბჭოს წევრს პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა უფლებამოსილება, როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში.

    • ბ) სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს, შეუწყდა სკოლასთან შრომითი ურთიერთობა.

    • გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი, გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან, შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი ან გადავიდა ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე.

    • დ) მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი.

    • ე) ამას მოითხოვს სკოლის შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების 1/3 პრინციპით: „ერთი მოსწავლე - ერთი ხმა“.

    • ვ) სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა

    • ზ) სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე.

    • თ) სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

    • ი) სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

    • კ) სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც მოსწავლის მშობელს, და საჯარო სკოლას შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა.

    • ლ) სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა საჯარო სკოლის დირექციის წევრი.

  2. სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს ის მშობელი ან/და პედაგოგიური საბჭოს ის წევრი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი რაოდენობის ხმები.

  3. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება:

    • ა) საჯარო სკოლის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა.

    • ბ) სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების 3-წლიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში.

    • გ) სამეურვეო საბჭოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით.

  4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ელექტრონულად წარუდგინოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

  5. უფლებამოსილებაშეწყვეტილ სამეურვეო საბჭოს წევრს უნდა აღუდგეს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი გაუქმდა.

  6. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უჩერდება, თუ არჩეულ წევრთა ნახევარზე მეტს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა და არ არსებობს სხვა კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატზე მეტი, მაგრამ საბჭოს წევრად ასარჩევად არასაკმარისი რაოდენობის ხმები, ან ეს კანდიდატი მოცემული დროისათვის აღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მან წერილობით უარი განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრობაზე.

  7. უფლებამოსილებაშეჩერებულ სამეურვეო საბჭოს უნდა აღუდგეს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება, თუ სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ჩატარდება სამეურვეო საბჭოს არჩევნები სამეურვეო საბჭოს იმ წევრთა გამოთავისუფლებულ ადგილებზე, რომლებსაც უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.