„წიგნების თაროს“ XIII სეზონის გამარჯვებული გუნდი

„წიგნების თაროს“ XIII სეზონის გამარჯვებული ანდრია რაზმაძის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ამ სეზონზე ჩვენს სკოლას წარმოადგენდნენ: გიორგი ჯუღელი, ლუკა ლიკლიკაძე და მათე გიორბელაძე.

„წიგნების თარო” ახალგაზრდული ლიტერატურული შოუა, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს. „წიგნების თაროს” სასკოლო სეზონში რჩეული 32 სკოლის გუნდი მონაწილეობს. თითოეულ გუნდში სამი, მე-10, მე-11, ან მე-12 კლასის მოსწავლეა.სტუდენტურ სეზონში კი მთელი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საუკეთესო 16 გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს.

თამაში სამი ეტაპისგან შედგება:
პირველ ეტაპზე გუნდები ცხრა ლიტერატურულ რაუნდს თამაშობენ. კითხვის დასმისთანავე გაცემული თითოეული სწორი პასუხი სამი ქულით ფასდება, დამატებითი დროის განმავლობაში გამოცნობის შემთხვევაში - ორი ქულით, ხოლო თუ ამის შემდეგ პასუხის გასაცემად წამყვანის მინიშნება გახდა საჭირო - სწორი პასუხი ერთი ქულით შეფასდება.

მეორე ეტაპი ქართული რაუნდებით იწყება, რომელშიც მონაწილეები ერთმანეთს გუნდურად ეჯიბრებიან ქართული თემატიკის კითხვების გამოცნობაში. ამ რაუნდში სამი ორქულიანი შეკითხვაა: ისტორია, გეოგრაფია და კულტურა.

მეორე ეტაპი გრძელდება ზოგადი რაუნდებით, რომლებიც ასევე სამი კითხვისგან შედგება და მოთამაშეები ინდივიდუალურად ეჯიბრებიან ერთმანეთს ხელოვნებაში, მეცნიერებასა და სპორტში. კითხვის დასმისთანავე გაცემული სწორი პასუხი ფასდება ორი ქულით, დამატებითი დრო და წამყვანის მინიშნება მეორე ეტაპზე არ მოქმედებს.

მესამე ეტაპით თამაშს ასრულებს ბლიც-ტური. ბლიცში მხოლოდ ერთი მოსწავლე მონაწილეობს, რომელსაც გუნდი თავად ირჩევს. მისი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ კითხვას უპასუხოს ერთი წუთის განმავლობაში. თითოეული სწორი პასუხი ფასდება ერთი ქულით.

გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ჯამურად მეტ ქულას დააგროვებს. შოუ გრძელდება ერთი სატელევიზიო სეზონის განმავლობაში, ოლიმპიური სისტემით. პროექტის მონაწილეები წიგნებით, პლანშეტებით, ვაუჩერებით და სხვადასხვა პრიზით საჩუქრდებიან, პროექტის გამარჯვებული გუნდები კი დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში მიემგზავრებიან.

ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 41-ე საჯარო სკოლა (19 ქულა, 15 გამარჯვება, 2 ჩემპიონობა) და თბილისის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა (19 ქულა, 19 გამარჯვება) რეიტინგით 15 საუკეთესო სკოლას შორის მე3-4 ადგილს იყოფენ.

ანდრია რაზმაძის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლამ ორჯერ მოიპოვა ჩემპიონობა - II და XIII სეზონებში.

https://www.youtube.com/watch?v=Fk6_j2lbbWw&t=581s