სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლასთან (შემდგომში - რაზმაძის სკოლა) არსებული „ნიჭიერთა საღამო სკოლა“ (შემდგომში „საღამოს სკოლა“) ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას ფიზიკასა და მათემატიკაში ე.ს.გ-ს საბაზო საფეხურის გაძლიერებული სტანდარტის შესაბამისად (VII, VIII , IX, X და XI კლასის მოსწავლეთათვის).
„ნიჭიერთა საღამო სკოლის“ მიზანია, მდგრადი განვითარების განათლების მიზნების გათვალისწინებით შეუქმნას ხარისხიანი, უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა თანაბრად ყველა მსურველს, რომელიც ოფიციალურად არ წარმოადგენს რაზმაძის სკოლის მოსწავლეს და სამომავლოდ გეგმავს ფიზიკისა და მათემატიკის გაძლიერებულ შესწავლას.
„ნიჭიერთა საღამო სკოლის“ ამოცანაა, მისცეს შესაძლებლობა რაზმაძის სკოლაში სწავლის გაგრძელების მსურველთ აღიჭურვონ სათანადო ცოდნით, რათა წარმატებით ჩააბარონ გამოცდა ფიზიკასა და მათემატიკაში, რაც რაზმაძის სკოლაში საბაზო საფეხურიდან სწავლის გაგრძელებისთვის სავალდებულოდ ითვლება.
„ნიჭიერთა საღამო სკოლაში“ სწავლა რაზმაძის სკოლაში რეგულაციის შესაბამისად გადმოსასვლელად არაა სავალდებულო, ისევე, როგორც „ნიჭიერთა საღამო სკოლის“ მოსწავლეობა ავტომატურად არ იძლევა გარანტიას რაზმაძის სკოლაში გამოცდების ჩაბარებისათვის.
სწავლების, დისციპლინური გადაცდომების, ეთიკის, გაძლიერებული სტანდარტის, მშობლებთან ურთიერთობის თუ სხვა საგანმანათლებლო და იურიდიულ საკითხებში „ნიჭიერთა საღამო სკოლა“ ხელმძღვანელობს რაზმაძის სკოლის შინაგანაწესით და სასკოლო სასწავლო გეგმით, ასევე ზოგადი განათლების კანონებით, საჯარო სკოლის წესდების, ე.ს.გ-სა და სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით.
წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო ბაზის გარდა, განსახილველი საკითხები, რომლებიც უშუალოდ „ნიჭიერთა საღამო სკოლას“ ეხება, თანხმდება რაზმაძის სკოლის დირექციის მიერ რაზმაძის სკოლის სამეურვეო საბჭოსთან და მტკიცდება ამავე სკოლის პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით.
„ნიჭიერთა საღამოს სკოლაში“ სასწავლო პროცესს მართავს „ნიჭიერთა საღამო სკოლის“ კათედრა, რომელიც შედგება რაზმაძის სკოლის ფიზიკისა და მათემატიკის პედაგოგების, ამავე სკოლის „საკვირაო სკოლის“ პედაგოგებისა და მოწვეული პედაგოგებისაგან. კათედრის სხდომაზე ირჩევა კათედრის გამგე, რომელსაც კურატორობას უწევს რაზმაძის სკოლის დირექტორის I მოადგილე.
„ნიჭიერთა საღამოს სკოლის“ კათედრა იკრიბება სემესტრში სულ მცირე 2-ჯერ, კათედრის სხდომათა ანგარიშებს, ისევე, როგორც „ნიჭიერთა საღამოს სკოლის“ სხვა აქტუალურ საკითხთა ჩამონათვალს კათედრის გამგე და კურატორი სემესტრში 2-ჯერ, წერილობითი ფორმით აბარებს სკოლის დირექტორს(დირექტორის მ/შ) წინამდებარე წესდების მუხლი 6-ის შესაბამისი რეაგირებისთვის .
სწავლა ფიზიკასა და მათემატიკაში თითოეულ კლასში მიმდინარეობს იმ სტანდარტითა და პროგრამებით, როგორც რაზმაძის სკოლაში. მონიტორინგისთვის ტარდება შემაჯამებელი წერები, დიაგნოსტიკური ტესტირებები. რომელთა შედეგები ასახავს თითოეული მოსწავლის სწავლა-სწავლების მიმდინარე დინამიკას და მშობლებთან (კანონიერ წარმომადგენელთან) ერთად ხდება ანალიზის საგანი.
„საღამოს სკოლის“ კათედრის პედაგოგიური კოლექტივი ვალდებულია, მსურველებს მიაწოდოს რაზმაძის სკოლის შესაფერისი, სათანადო ხარისხიანი და უწყვეტი განათლება. მოსწავლეთათვის, შესაძლებლობის მიხედვით, ჩაატარონ დამატებითი, კოორდინირებული და კომპლექსური ანაზღაურებადი გაკვეთილები, რათა უზრუნველყოს საგანმანათლებლო სრული სერვისი, რაც რაზმაძის სკოლის ბაზაზე შეიძლება არსებობდეს(ლაბორატორიული პრაქტიკუმების ჩათვლით).
„საღამო სკოლაში“ მოსწავლეების მიღება ხდება გამოცდის გარეშე, გასაუბრებით, სადაც მოსწავლეებს და მათ მშობლებს (კანონიერ წარმომადგენლებს) განემარტებათ აღნიშნული წესდების მუხლები. საღამო სკოლაში სწავლა ნებაყოფლობითია, სურვილის შემთხვევაში აქ შეიძლება დამატებით მიიღოს განათლება თავად რაზმაძის სკოლის მოსწავლემაც.
თუ რაზმაძის სკოლის მოსწავლე სწავლობს „საღამოს სკოლაშიც“ მაშინ მისი მასწავლებელი ვერ იქნება რაზმაძის სკოლის მასწავლებელი (ე.ს.გ).
„საღამოს სკოლის“ თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა ზემოდან შემოისაზღვრება 17 მოსწავლით (თუ მოსწავლეთა რაოდენობა ერთ კლასში 17-ს აღემატება, კათედრა ვალდებულია ჯგუფი გაყოს 2 ნაწილად, თუ 34-ს აღემატება - 3 ნაწილად და ა.შ. ).
კვირეული საათობრივი დატვირთვა კლასს შეუძლია, კათედრასთან შეთანხმებით, რაციონალურად და ოპტიმალურად გადაანაწილოს, ოღონდ ისე, რომ მათემატიკის კვირეული დატვირთვა გაუტოლდეს 9 სთ-ს, ხოლო ფიზიკისა 5 სთ-ს.
საჭიროების შემთხვევაში სამივე მხარის (მოსწავლე, პედაგოგი, „საღამოს სკოლა“) ურთიერთშეთანხმებით სწავლებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას შაბათი.
“საღამოს სკოლა” განთავსებულია რაზმაძის სკოლის I კორპუსის (ქუთაისი, რუსთაველის 127) III სართულზე. სწავლება მიმდინარეობს მეორე ცვლაში, თითოეული კლასის საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილების დაწყების და დამთავრების დროები, პედაგოგთა შემადგენლობა კლასების მიხედვით გამჭირვალეა და განთავსებულია საჯარო ადგილას (რაზმაძის სკოლის სამასწავლებლო, web. გვერდის შესაბამისი „ფანჯარა“).
“საღამოს სკოლაში” სწავლება ფასიანია და შეადგენს თვეში 65 ლარს თითოეულ საგანზე. თუ მოსწავლე ირჩევს ორ საგანს , მაშინ თვიური გადასახადი განისაზღვრება 100 ლარით. გადასახადი, მოსწავლის მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, გადაიხდება სკოლის შესაბამის საბანკო ანგარიშზე, მითითებით - „საღამოს სკოლა“ ყოველი თვის პირველ დეკადაში.
სწავლების გადასახადების შეღავათები მოქმედებს სოციალურად დაუცველ მოსწავლეებზე (თავისუფლდება გადასახადის 50%-ისგან) და ერთი ოჯახიდან 2 ან მეტი მოსწავლის შემთხვევაშიც (ერთის შემდეგ თითოეულზე გადასახადს ემატება გადასახადის 50%). ასევე, ერთჯერადად, 2022-2023 სასწავლო წელს, „რაზმაძის“ სკოლის პირველ დიაგნოსტიკურ წერამდე, გადასახადიდან თავისუფლდება ყველა მოსწავლე, რომელიც წინა სასწავლო წლის ბოლოს ირიცხებოდა რაზმაძის სკოლაში, მაგრამ ვერ გადალახა სკოლის სტატუსით განსაზღვრული განსხვავებული ბარიერი.
“საღამოს სკოლის” კათედრა უფლებამოსილია, გამოარჩიოს განსაკუთრებით წარმატებული პედაგოგი (წინდაწინ გაწერილი კრიტერიუმების შედეგებით) და წერილობითი მიმართავს საფუძველზე წარუდგინოს ის სკოლის დირექტორს ფულად ჯილდოზე.
პედაგოგის ხელფასი თვიურად განისაზღვრება მისი მოსწავლეების თვიური გადასახადის 55%-ით . 9 თვის განმავლობაში - 20 სექტემბრიდან 20 ივნისის ჩათვლით.
პედაგოგებთან, ისევე როგორც მოსწავლეთა მშობლებთან (კანონიერ წარმომადგენლებთან), იდება 1 წლიანი ხელშეკრულებები, სადაც გაწერილია მხარეთა უფლება-მოვალეობები, დისციპლინური თუ ფინანსური სქემების მოქმედების ვადები და ა.შ. (2 თანაბარ ეგზემპლიარად, რომელთაგან ერთი რჩება „საღამოს სკოლის“ კათედრაზე (სკოლის დირექტორის I მოადგილესთან)).
მოთხოვნის შემთხვევაში „საღამოს სკოლა“ უფლებამოსილია გაზარდოს თავისი მოქმედების არე, როგორც საგნობრივი, ასევე ასაკობრივი მიმართულებით. (მაგალითად VII-VIII-IX-X და XI კლასებში დაემატოს ქიმია, ბიოლოგია, უცხო ენა თუ ინფორმატიკა, ისევე როგორც შეიძლება დაემატოს VI კლ-მათემატიკა ან/და XII კლასში ფიზიკა და მათემატიკა და ა.შ).
რამდენიმე საგნის არჩევის შემთხვევაში გადასახადის რაოდენობა თვეში განისაზღვრება ფორმულით 65+35(n-1) , სადაც n - არჩეული საგნების რაოდენობაა. შეღავათი შეიძლება დაწესდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით, რომლის მიზეზი გამოცხადდება საჯაროდ და გამჭირვალედ.
„საღამოს სკოლის“ წესდება ავტომატურად გაუქმებულად ითვლება თუ რაზმაძის სკოლის მიერ მოხდება „საღამოს სკოლის“ სტრუქტურის ლიკვიდაცია. ყველა სხვა სახის ცვლილების შეტანა წესდებაში მოხდება მუხლი 6-ის შესაბამისად, სკოლის დირექციის სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიური საბჭოს სტრუქტურების გავლით.