2024 წლის 7-14 იანვარს ყაზახეთის რესპუბლიკში ქალაქ ალმატიში ჩატარდა ჟაუტიკოვის XX საერთაშორისო ოლიმპიადა სკოლის გუნდებს შორის ფიზიკაში, მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში (ინფორმატიკაში). პარალელურად, ახლა უკვე მეექვსედ, იგივე ლოკაციაზე ჩატარდა ოლიმპიადა პედაგოგებს შორის IMPACT-2024.
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო ორივე ოლიმპიადაზე, რის შესახებაც დაწვრილებით გვინდა მოგითხროთ.
ამ პოსტში ვისაუბრებთ მოსწავლეთა შორის ჩატარებულ ოლიმპიადაზე, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მეოცედ ჩატარდა. ჩვენი სკოლა VIII ოლიმპიადიდან ანუ 2012 წლიდან ჩაერთო აღნიშნულ ფორუმზე და უკვე მრავალ წარმატებას მიაღწია. ამ წარმატებებს შორის განსაკუთრებულია 2013 წლის გუნდის საუკეთესო სკოლათა ათეულში მოხვედრა და დასახული ამოცანა, რომ შემდგომაც ეს წარმატება კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი გუნდი მხოლოდ ახალბედებისგან შედგებოდა და ყველაზე უფრო ახალგაზრდულიც იყო სხვა გუნდებთან შედარებით. XX ოლიმპიადაზე გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ:
გუნდს ხელმძღვანელობდნენ ფიზიკის მენტორ-მასწავლებელი, პროფესორი დავით ნიშნიანიძე და სკოლის დირექტორი - მათემატიკის მენტორი გენადი მარგველაშვილი.
სულ ოლიმპიადაზე 16 ქვეყნის 70-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ბულგარეთის, რუმინეთის,
სერბეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების გუნდებმა ოლიმპიადის შედეგები იხილეთ აქ:
https://izho.kz/contest/results-izho-2024/
ოლიმპიადა 2 ტურად ჩატარდა სამივე საგანში. ჩვენი მოსწავლეებისთვის ქართულად გადაითარგმნა ამოცანები, თუმცა თითოეულს ინგლისურადაც შეეძლო ამოცანების ამოხსნის ჩაწერა.
საუკეთესო შედეგი ჩვენი სკოლიდან აჩვენა IX კლასის მოსწავლე ოთარ ციბაძემ (ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკაში), ბრინჯაოს მედლამდე ძალიან ცოტა დააკლდათ გიორგი ფხალაძეს (VIII კლასი მათემატიკა), ბარბარე კუჭავას (IX კლასი მათემატიკა) და დავით ციბაძეს (X კლასი ინფორმატიკა). პირველი მონაწილეობისთვის ასევე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს მირიან გოგოლაშვილის, მიხეილ გვენეტაძისა და ზაურ ჩუბინიძის გამოსვლაც. რაც მთავარია, ბავშვებმა მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება და გახდნენ მეტად მოტივირებულები შემდეგი მსგავსი ფორუმებისთვის.
ვუსურვოთ წარმატება სკოლას სამომავლოდ ჟაუტიკოვის XXI საერთაშორისო ოლიმპიადაზე და აქვე აღვნიშნოთ, რომ საქართველოდან კიდევ 2 გუნდი მონაწილეობდა (ტრადიციულად) XX ოლიმპიადაში, მათ შორის: აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლის გუნდმა აიღო 1 ბრინჯაოს მედალი მათემატიკაში.
გთავაზობთ ოლიმპიადების ამოცანებს, ასევე მათემატიკის ოლიმპიადის ქართულ ვარიანტებს, იმის შესაფასებლად,
თუ რამდენად ხარისხობრივი და ძნელი იყო ამ ოლიმპიადაზე დასმული ამოცანები
https://izho.kz/contest/problems/
ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის N199 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის გუნდის 7-ვე წევრმა აიღო მედალი, მათ შორის 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს, შედეგად გუნდი გავიდა II ადგილზე, რაც ცხადია დიდი წარმატებაა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ გუნდის წევრმა დავით კლდიაშვილმა დაიკავა აბსოლუტური I ადგილი მათემატიკაში.
ვულოცავთ წარმატებას ვეკუას და კომაროვის სკოლის მოსწავლეებს და სამომავლოდ მეტ გამარჯვებას ვუსურვებთ.
ასევე მადლობა გვსურს გადავუხადოთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელთა ფინანსური და მორალური თანადგომის გარეშე ჩვენი მონაწილეობა არ შედგებოდა.